სიახლეები

შრომით უფლებებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე თბილისმა, მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა.

საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების (EPSU) ყოველწლიურ სუბრეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს 9 ქვეყნის (საქართველო,ბელგია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, სომხეთი,მოლდოვა) პროფკავშირების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

განხილვის თემებია: საქართველოს შრომის კანონმდებლობა, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, პროფკავშირის უფლებები, კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესი, აქციები, წევრი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მოქმედებები, ევროპული გამოცდილება, რეგიონალური პრობლემები და სხვა.
მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა. მისი თქმით იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, აღნიშნული კონფერეცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„უამრავი ქვეყანაა წარმოდგენილი, სადაც კონკრეტული პრობლემები და გამოწვებებია, როგორც პროფკავშირების შექმნის უფლებასთან, ისე სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის კამპანიაც, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამოვიწყეთ მე როგორც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა და იმავე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლუკა ვინსენტეინმა - მინიმალური ხელფასის სტანდარტთან დაკავშირებით. ეს საქართველოს პროფკავშირებისთვისაც გამოწვევა გახლავთ იმიტომ, რომ არანორმალურია ის დისკრიმინაციული ხელფასი, რომელიც კერძო და საჯარო სექტორში აბსოლუტურად სხვადასხვა თანხა გახლავთ. ერთში - 20, მეორეში -135. ერთიც და მეორეც საარსებო მინიმუმს ჩამოუვარდება. ბუნებრივია, იმ პრობლემებში, რომელიც ქართველ დასაქმებულებს აქვთ, ასეთი ტიპის ღონისძიებები გადაწყვეტილებების მიღებასა და ცივილიზებული ნორმების დამკვიდრებაში გვეხმარება“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების გენერალური მდივანი იან ვილლემ გუდერიანი.

,,საზოგადოებრივი მომსახურების ევროპული პროფკავშირების შეხვედრის ორგანიზატორები ჩვენ ვართ და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. კოლეგები შეხვედრას ესწრებიან ნ რა თქმა უნდა საქართველოდან, ასევე ბელგიიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან და მოლდავეთიდან. პირველ რიგში, აქ ვართ იმისთვის, რომ შევისწავლოთ საქართველოში შრომის კუთხით არსებული ვითარება და მხარი დავუჭიროთ საქართველოს პროფკავშირებს. განვიხილავთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის მსჯელობა ეხება სოციალური დიალოგის წარმოების აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია თქვენი ქვეყნისთვის, აგრეთვე იმ ქვეყნების წარმომადგენელთათვის, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობენ .’’- განაცხადა იან ვილლემ გუდერიანიმ.